თბილისი (GBC) – ევროკავშირმა მხარი დაუჭირა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინისთვის გადაცემას. ამ გადაწყვეტილებით კიევი მხოლოდ 2024 წელს 3 მლრდ ევროს მიიღებს. ამ ფულიდან 90% უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოხმარდება, წერს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი სოციალურ ქსელში X.

მოლოდინის თანახმად, გაყინული რუსული აქტივების წლიური შემოსავალი 5 მლრდ ევროს მიაღწევს, ამასთან, უკრაინა დახმარებას წელიწადში ორჯერ მიიღებს, წერს სააგენტო Bloomberg. ევროკავშირის გეგმის თანახმად, აქტივებიდან უკრაინა წმინდა მოგებას მიიღებს. ბელგიური დეპოზიტარის Euroclear ანგარიშგების თანახმად, პირველ კვარტალში გაყინული რუსული აქტივების (159 მლრდ ევრო) შემოსავალმა 557 მლნ ევრო შეადგინა.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა და G7-მა რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით $280 მლრდ–ის მოცულობის აქტივები გაყინეს.