თბილისი (GBC) - მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, ვაშაძეს აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია. მიუხედავად ადვოკატის შუამდგომლობისა, რომ მოსამართლეს სხდომა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადაედო, გალუსტაშვილმა განაჩენი მაინც გამოაცხადა.
გიორგი ვაშაძე თანაგუნდელებთან ერთად განაჩენს პარტიის ოფისში ელოდებოდა, სადაც იმყოფებოდა სქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ, „ლელოს“ ლიდერებს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა და საჯარო სამსახურში თანამდებობის 2 წლით დაკავება აუკრძალა. მათ ხელბორკილები პარტიის ოფისთან დაადეს.
ასევე 23 ივნისს, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა კოალიცია "ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განაჩენიც – მას მიესაჯა 7-თვიანი პატიმრობა და საჯარო სამსახურში თანამდებობის 2 წლით დაკავება აეკრძალა.