თბილისი (GBC) – „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტში ორშაბათს განაცხადა, რომ „სები ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა“. მისივე თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კანდიდატურები რომ არ წარედგინა, სების ფუნქციონირება ფაქტობრივად ჩერდებოდა, დაიწყებოდა კონსულტაციები და კონსენსუსის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა მეტ-ნაკლებად ჯანსაღი საბჭოს მიღება.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის არგუმენტი, რომ თურმე ყეინიშვილის და ხომერიკის კანდიდატურა საცდელად შემოაგდო, რათა ხელისუფლების მავნებლობა ეჩვენებინა, ძალიან არასერიოზულია, რადგან მან საფუძველი ჩაუყარა საბანკო სისტემაში „ქართული ოცნების“ გავლენების იურიდიულად დაკანონებას.

„ეროვნული ბანკის საბჭოში დღეს არის 6 წევრი, ერთს 2 თვეში ვადა გასდის, ამერიკის მოქალაქეა და რჩება 5 წევრი. ხუთივე სალომე ზურაბიშვილის წარდგენილია, ხუთივე - „ქართული ოცნების“ ყურმოჭრილი და მორჩილი ადამიანია. ეროვნული ბანკი ფაქტობრივად, გაუქმებულია, ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა ეროვნული ბანკი. თურნავამ 30 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის ნაშენები ნდობა და რეპუტაცია 30 წამში ჩამოშალა. თუმცა, ეს თურნავას ხელით „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთდა. დღეს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ეროვნული ბანკის დარჩენილი 4 წევრიდან მაინც შეირჩეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ამ ხელისუფლების ამოცანაა, რომ სანამ სალომე ზურაბიშვილია პრეზიდენტი, დარჩეს მოვალეობის შემსრულებლად თურნავა. გარემოებათა გამო, როცა სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა თანამდებობა, ზურაბიშვილს ეს 2 კანდიდატურა რომ არ წარედგინა, ეროვნული ბანკის ფუნქციონირება ფაქტობრივად ჩერდებოდა და დაიწყებოდა მართლაც სერიოზული კონსულტაციები და კონსენსუსი საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა მეტ-ნაკლებად ჯანსაღი ეროვნული ბანკის საბჭოს მიღება. ყველაფერი გააფუჭა სალომე ზურაბიშვილმა. ეგონა საკუთარი კანდიდატურები წარადგინა - ერთი ოდიოზური ქალბატონი მევენახეობა-მებოსტნეობის სპეციალისტი აღმოჩნდა, მეორე კი კობახიძის ახლო მეგობარი. ამიტომ ზურაბიშვილმა შეცდომები დაუშვა, დაემორჩილა ივანიშვილის და “ქართული ოცნების" ზემოქმედებას, ყველა სამთავრობო კანდიდატურა მის მიერ არის წარდგენილი. მან კარგად უნდა გააცნობიეროს ეს და თავის მართლება და უცნაური არგუმენტები, რომ თურმე საცდელად შემოაგდო (ყეინიშვილის და ხომერიკის კანდიდატურა), რომ ხელისუფლების მავნებლობა ეჩვენებინა, ძალიან არასერიოზულია, ამ 2 კანდიდატის დამტკიცებით მან საფუძველი ჩაუყარა საბანკო სისტემაში "ქართული ოცნების" გავლენების იურიდიულად დაკანონებას”, - განაცხადა გოცირიძემ.

14 სექტემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“.

შეერთებული შტატების ცნობით, ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში, სავარაუდოდ, დაეხმარა „ეფესბეს“ ოფიცერი, რომელიც ამავე დროს ფარცხალაძის ბიზნესპარტნიორია.

საქართველოს საბანკო სექტორმა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო სანქციებს ემორჩილება, ფარცხალაძეზე დაკისრებული სანქციები გაითვალისწინა და მას ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა.

მაგრამ, ფარცხალაძის სანქცირების ფონზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ ბრძანება შეცვალა და „გამონაკლისი“ დაუშვა.

თურნავას 19 სექტემბრის ბრძანების თანახმად, კომერციულ ბანკებს სებისგან მოეხსნათ სანქციების გავრცელების ვალდებულება საქართველოს მოქალაქეზე, თუკი მას საქართველოს სასამართლო სისტემაში არ აქვს ბრალი დამტკიცებული.

თავად ფარცხალაძე სანქციებს უწოდებს „ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებას“ და ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება „მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული“.

თურნავას ერთპიროვნული გადაწყვეტილების შემდეგ კი თანამდებობები დატოვეს სების სამმა ვიცეპრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა. ეროვნული ბანკის საბჭოს ქმედუნარიანობის შენარჩუნების მიზნით ზურაბიშვილმა პარლამენტს საბჭოს წევრობის ორი კანდიდატურა წარუდგინა, რომლებიც კანონმდებლებმა დაამტკიცეს.