თბილისი (GBC) - აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ქვეყნის თითოეულ სრულწლოვან მოქალაქეს $5,000-იან „დივიდენდს“ გადაუხდის, თუ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტია კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებს. Politico-ს ცნობით, აღნიშნული ინიციატივა მასშტაბით საგრძნობლად აღემატება COVID-19-ის პანდემიის დროს გაცემულ დახმარებებს და, ექსპერტთა შეფასებით, აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტს მკვეთრად გაზრდის.

დალასში, რესპუბლიკელების შუალედურ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ „ტრამპის დივიდენდი“ მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებზე გაიცემა და მისი დახარჯვა ქვეყნის შიგნით იქნება სავალდებულო.

„მე გავცემ $5,000-იან დივიდენდს ამერიკის შეერთებული შტატების თითოეულ სრულწლოვან მოქალაქეზე, ზუსტად ისე, როგორც წარმატებული კომპანია ურიგებს ნაღდ ფულს თავის აქციონერებს“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის აღწერის ბიუროს მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 240 მილიონი სრულწლოვანი მოქალაქეა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამის ჯამური ღირებულება $1.2 ტრილიონს გადააჭარბებს.

ეკონომისტების შეფასებით, მსგავსი მასშტაბის სტიმულირება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააძვირებს ინფლაციას სამომხმარებლო დანახარჯების ზრდის ფონზე, ფასები ისედაც მაღალ ნიშნულზეა ირანში მიმდინარე კონფლიქტის გამო. გარდა ამისა, დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლების გარეშე, ინიციატივა გაზრდის აშშ-ის მთავრობის გრძელვადიან სესხის აღების დანახარჯებს.

დაფინანსების კონკრეტული წყაროები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პრეზიდენტის თქმით, ეს შესაძლებელი გახდა ქვეყნის „უზარმაზარი ეკონომიკური წარმატების“ წყალობით.

მიუხედავად ამისა, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ინიციატივას სკეპტიკურად შეხვდნენ. ტექსასელმა კონგრესმენმა ჩიპ როიმ განაცხადა, რომ აუცილებელია დეტალურად განისაზღვროს, თუ საიდან მოხდება $1 ტრილიონზე მეტის მობილიზება.

ანალიტიკოსების შეფასებით, პირდაპირი ფინანსური წახალისების დაპირება უკავშირდება პრეზიდენტის რეიტინგის ვარდნასა და ირანის ომის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის შემცირებას, რის გამოც თეთრი სახლი შუალედური არჩევნების წინ ამომრჩეველთა მობილიზებას ცდილობს.