თბილისი (GBC) – ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა საქართველოსთან ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხზე 14 დეკემბერს ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „მეზობლებს ჯერ არ სურთ, საქართველოზე გზამ გაიაროს“. საუბარია ითუმყალი–შატილის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, რომლის ჩეჩნეთის მონაკვეთის მშენებლობას წლებია აპირებდნენ.
„სინამდვილეში საქართველო ჩვენთვის არაკეთილსასურველი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტები გავაფორმეთ და ყველაფერი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ჩვენს მეზობლებს ჯერ არ სურთ, რომ საქართველოზე გზამ გაიაროს“, – თქვა კადიროვმა.
რუსული მედიის ცნობით, ჩეჩნეთში პერიოდულად წამოსწევენ ხოლმე საქართველოსთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზის მშენებლობის საკითხს, თუმცა ეს იდეა საუბრის დონეზე რჩება. იდეაში, ახალი გზა ჩეჩნეთში არგუნის ხეობაში უნდა გასულიყო რუსეთ–საქართველოს საზღვრამდე. გზის მშენებლობა 1997 წელს დაიწყეს, თუმცა საქართველოს პოზიციის გამო ორ წელიწადში შეწყვიტეს. 2022 წლის მარტში საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისი არასოდეს განიხილავდა ამ გზის მშენებლობას.