თბილისი (GBC) – საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია დღეს, 10 დეკემბერს წარადგინა. ძირითად პარამეტრებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ 2026 წლისთვის შენარჩუნებულია თავდაპირველი პროგნოზები.

მისი თქმით, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მისი პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს. საშუალო ინფლაციის პროგნოზი 2026 წელს 3,3%-ია, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%).

ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 114 მილიარდ 121 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 11 300 დოლარს აჭარბებს. 2029 წლისთვის პროგნოზირებულია, რომ ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 145 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშების შემთხვევაში 14 500 აშშ დოლარს გადააჭარბებს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 27 მილიარდ 40 მილიონი ლარის ოდენობით, რაც პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, გაზრდილია 240 მილიონი ლარით. ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5 პროცენტს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი - 33,5 პროცენტის ფარგლებშია. 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 36 მილიარდ 285 ლარს.

„ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ ბიუჯეტი, სწორი ფისკალური პოლიტიკის შედეგად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს  მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაში, რაც გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისათვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა კომიტეტს, განსაკუთრებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს - ბიუჯეტის ფორმირების პროცესში აქტიური ჩართულობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.