თბილისი (GBC) – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შეფასებისას თქვა, რომ ის გაცილებით მსუბუქია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ–ში, საფრანგეთში და პოლონეთში.

„საქართველოში ამ დემონსტრაციებმა სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გარდაქმნა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი უმსუბუქესია. თვით აშშ–ში, საფრანგეთში და პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაშიც კანონები ჯარიმებს სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს, თუ ფული მიიღე და ამის შესახებ არაფერს ამბობ და რაღაც არა ისეთს აკეთებ“, – თქვა მან.

ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული კანონპროექტი მხოლოდ დეკლარირებას ავალდებულებს ორგანიზაციებს, რომლებიც შემოსავლის 20%–ზე მეტს იღებს უცხოეთიდან.

ლავროვი ჯერ კიდევ 2023 წელს აკრიტიკებდა მისთვის „კარგად ნაცნობ“ სალომე ზურაბიშვილს. „მადლობა ღმერთს, რომ იგი ქვეყნის განვითარების გზებს არ განსაზღვრავს“, – ამბობდა მაშინ ლავროვი.

„რუსულ კანონთან“ დაკავშირებით მანამდე შეფასებები და განცხადებები გააკეთეს რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დმიტრი პესკოვმა, დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა და კრემლის იდეოლოგმა ალეკსანდრ დუგინმა.