თბილისი (GBC) – მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსის გურამ დუმბაძის განცხადებით, შესყიდვების რეფორმის ნაწილი უკვე ძალაში შედის და ახალი ელემენტები – ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გამოყენება ინერგება.
მისი თქმით, ცვლილებები შესყიდვების თანამედროვე მიდგომებს პასუხობს და მცირე და საშუალო ბიზნესს მსხვილ კომპანიებთან კონკურენციის შესაძლებლობას აძლევს.
დუმბაძის განმარტებით, ელექტრონული კატალოგი წინადადების წარდგენის ელექტრონული ფორმაა, რომლის გამოყენებაც, მათ შორის, პრეისკურანტით შესყიდვებისას იქნება შესაძლებელი.
ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში კი, მისი თქმით, შესყიდვის გამოცხადება შესაძლებელია 3-4 წლით ან უფრო ხანგრძლივი პერიოდით და გამარჯვებულად ერთზე მეტი კომპანიის გამოვლენაც იქნება შესაძლებელი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვან ცვლილებად დუმბაძე ქვეკონტრაქტორის გამოცდილების დაჯამების შესაძლებლობას მიიჩნევს. მისი განმარტებით, 1-ელი სექტემბრიდან კომპანიას შეუძლია, შესყიდვის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკუთარი და ქვეკონტრაქტორი კომპანიის გამოცდილება გააერთიანოს.
„თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ითხოვდა გამოცდილებას, ვთქვათ, 5 მლნ ლარის, ეს ყველაფერი უნდა დაეკმაყოფილებინა ინდივიდუალურად ერთ კომპანიას. დღეს უკვე კომპანიას შეუძლია, მოიყვანოს პარტნიორი ქვეკონტრაქტორი კომპანია და თქვას, რომ 2 მლნ ლარს აკმაყოფილებს თვითონ და 3 მლნ ლარს მისი ქვეკონტრაქტორი“, – განაცხადა დუმბაძემ.
მისი თქმით, ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორისთვის და იმ მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რომლებსაც დამოუკიდებლად არ აქვთ შესყიდვის პირობებით მოთხოვნილი გამოცდილება.
