თბილისი (GBC) - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველების მიერ აქციის დაშლის მიზნით განხორციელებული ქმედებებს სოციალურ ქსელში მომღერალი ნატალია ქუთათელაძე მკაცრად აკრიტიკებს. "რა დავალებაა ასეთი, რომ გიღირთ ამხელა არეულობად?", - წერს მომღერალი. 

"სამოქალაქო ომამდე ვფიქრობ სულ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს. ასეთი კატასტროფული გახლეჩა საზოგადოების, ასეთი ზიზღი და ერთმანეთის ლანძღვა, ნუთუ ღირს ამ დამპალ კანონის მიღებად? ქოცებო არ გახსოვთ რა შეურაცხმყოფელი იყო როდესაც არავის აინტერესებდა თქვენი აზრი? როდესაც უმიზეზოდ ქუჩაში გცემდნენ და გამწარებდნენ? ეტყობა ყველას ყველაფერი ავიწყდება... ამისთანა რა დავალებაა ასეთი, რომ გიღირთ ამხელა არეულობად? ეს არ დამთავრდება, რაც მეტს გალახავთ, გაამწარებთ და დაარბევთ, მით მეტი წინააღმდეგობა წამოვა. გონს მოეგეთ და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. ნუ დაგვანგრიეთ თავზე ქვეყანა ამ პოლიტიკურმა პარტიებმა, თუ იქით და თუ აქეთ. და ნურავის ნუ გავიწყდებათ ვის ემსახურებით!", - წერს ნატალია ქუთათელაძე.

წუხანდელ აქციას ასევე მომღერალი მებო ნუცუბიძეც აფასებს და სოციალურ ქსელში წერს: "არაადამიანია ყველა, ვინც ხალხის ცემის ბრძანება გასცა. არაადამიანია ყველა, ვინც ეს ბრძანება აღასრულა. არაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. აღარ არსებობს არანაირი გამამართლებელი მიზეზი. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები. არჩევანი შენზეა", - ნათქვამია მუსიკოსის განცხადებაში.

"უფრო და უფრო იმძიმებენ დასასრულს, რაც გარდაუვალია", - წერს მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 63 მოქალაქე დააკავეს.