თბილისი (GBC) – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სამშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მნიშვნელოვანია 29 აპრილს, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი გამოვიდეს რუსთაველზე, რათა ზიზღის კამპანიას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით, ჩვენ ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა“.

პაპუაშვილის მტკიცებით, საზოგადოება ხედავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ მივცეთ, "ზუსტად იგივე ტერორს გააგრძელებენ, რა ტერორშიც ჰყავდათ საზოგადოება“.

„ეს ხალხი ხელისუფლებაში როცა იყვნენ, გვახსოვს რასაც აკეთებდნენ, საერთოდ ახშობდნენ თავისუფალ სიტყვას, ახლა ოპოზიციიდან, „ფეისბუკის“ კლავიატურებიდან პირდაპირ აშინებენ საზოგადოებას, რომ მათ თავისი აზრი არ გამოთქვან. ამ ჯგუფების უკან დგას უცხოური დაფინანსება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მოწოდება არის ყველას მიმართ, რომ ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, როდესაც უპირისპირდებიან „შავ ფულს, რომელიც უცხოეთიდან შემოდის“.

ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელიც უმრავლესობის მიერ მეორედ დაინიციირდა პარლამენტში, დეპუტატებმა პირველი მოსმენით უკვე მიიღეს, რასაც თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა პროტესტით შეხვდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისში მასობრივი აქციები ტარდება. ბოლო დღეებში ძირითადად ახალგაზრდები თვითორგანიზებული აქციებით მოუწოდებენ ხელისფულებას, უკან გაიწვიოს კანონპროექტი.

ამ ფონზე პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც ოფშორებიდან კაპიტალისა და ქონების საქართველოში დაუბეგრავად შემოტანის შესაძლებლობას იძლევა.