თბილისი (GBC) – საქართველოს პარლამენტის სპიკერს შალვა პაპუაშვილს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ცესკოს წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები წარედგინა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომაზე ხუთშაბათს, 11 აპრილს მიიღეს.

ცესკოს თავმჯდომარეობის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადი საკონკურსო კომისიას გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა, ხოლო ცესკოს წევრობის 3 ვაკანტურ თანამდებობაზე განცხადებები კი ლუხუმ ბურჯალიანმა, მაია ზარიძემ, გიორგი შარაბიძემ და გია ცაცაშვილმა წარადგინეს.

კომისიის წევრებმა 11 აპრილს გამართულ სხდომაზე, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წარმოდგენილ ყველა კანდიდატს მოუსმინა, რომელთაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნეს. 9 წევრისგან შემდგარ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები და ასევე, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი. მათ შორის, ორი ორგანიზაციის წარმომადგენლის სურვილი იყო, კომისიის მუშაობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვამდე გადადებულიყო, თუმცა კომისიამ ეს თხოვნა, შემჭიდროებული ვადების გამო, ვერ გაიზიარა. ამიტომ კომისიის წევრებმა, ნინო ჩხობაძემ და ზაურ ხალილოვმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადა ასევე, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ლევან შენგელიამაც.