თბილისი (GBC) - პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადგანწესებული მოსამართლეების - გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და მათ უფლებამოსილების დაწყება მიულოცა.

გოგა კიკილაშვილი  ყაველაშვილმა დანიშნა, სერგო მეთოფიშვილი - უზენაესი სასამართლოს პლენუმმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ გამოცდილებას, სახელმწიფოებრივ ტრადიციებსა და თავისუფლებისკენ სწრაფვას განასახიერებს და თითოეული მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას იცავს.

მან გოგა კიკილაშვილსა და სერგო მეთოფიშვილს საქმიანობის დაწყება მიულოცა და პროფესიული წარმატება უსურვა.

გოგა კიკილაშვილი იურიდიულ და აკადემიურ საქმიანობას ეწევა. მას დაცული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახ.  თსუ-ს სამართლის სადოქტორო პროგრამა, პროფესიული განათლება მიღებული აქვს გერმანიასა და შვედეთში.

ის აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა უნივერსიტეტში.იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი. 2023 წლიდან - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.

სერგო მეთოფიშვილის კარიერა 2009 წელს დაიწყო. საქმიანობდა რაიონულ და თბილისის საქალაქო სასამართლოებში. 2016 წელს ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს. საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნამდე კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა.

საკონსტიტუციო სასამართლო 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისგან შედგება. სამს ნიშნავსპრეზიდენტი, სამს ირჩევს პარლამენტი და სამს უზენაესი სასამართლო.

ფიცის დადების ცერემონიას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები და ბათუმის მერი ესწრებოდნენ.