თბილისი (GBC) - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გაეცნო ევროპული პლატფორმის დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE) მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ორგანიზაციამ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში მყოფი რიგი საერთაშორისო დამკვირვებლები მიიჩნია „ფეიქ დამკვირვებლებად“. მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების და ვენდორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

აღნიშნული შეფასება ცალსახად შეურაცხმყოფელი, უსაფუძვლო და დისკრედიტაციისკენ მიმართულია როგორც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ასევე იმ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, რომლებიც არჩევნებს ცესკოს ოფიციალური მოწვევით აკვირდებოდნენ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების და საერთაშორისო პრაქტიკის სრული დაცვით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ:

ყველა უცხოელი დამკვირვებელი, ვინც იმყოფებოდა საქართველოში 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, დარეგისტრირდა საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

მათი მოწვევა და საქართველოში ყოფნა ეფუძნებოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კარგ პრაქტიკას, რომელიც გულისხმობს პროფესიულ თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას;

აღნიშნული პირები არ ასრულებდნენ პოლიტიკური ან ლობისტური ხასიათის საქმიანობებს და მათი მონაწილეობა მთლიანად მიზნად ისახავდა საარჩევნო პროცესის პროფესიულ შეფასებას, ასეთის სურვილის შემთხვევაში.

შესაბამისად, EPDE-ს მიერ მათ მიმართ გამოყენებული ტერმინი „ფეიქ დამკვირვებელი“ წარმოადგენს ობიექტურობის პრინციპის უხეშ დარღვევას, ზიანს აყენებს როგორც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციას, ისე იმ ქვეყნების შესაბამისი ინსტიტუტების ავტორიტეტს, რომელთა წარმომადგენლებიც აღნიშნულ პროცესში მონაწილეობდნენ.

ცესკო მოუწოდებს EPDE-ს საჯაროდ განმარტოს, რა წყაროებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაავრცელა აღნიშნული შეფასებები.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კარგი  საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა არ მოითხოვს დამკვირვებლად რეგისტრაციისას ამა თუ იმ პირის პროფესიის, განათლების, საქმიანობისა თუ საარჩევნო გამოცდილების შესწავლას ან/და არ განსაზღვრავს სპეციალურ პროფესიულ მოთხოვნებს ან კვალიფიკაციას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დაინტერესებული პირის მიერ, ეს საკითხი სხვადასხვა დამკვირვებლებთან მიმართებაში მანიპულაციურად იქნა წარმოჩენილი. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ როგორც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, ისე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

ამავდროულად, საინტერესოა რატომ მოიხსენიებს EPDE კონსტიტუციური ორგანოების - საარჩევნო ადმინისტრაციების და ვენდორი კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენლებს ფეიქ დამკვირვებლებად, როცა მათ არცერთ განცხადებაში გარდა პროცედურული და ტექნიკური შეფასებისა, არანაირი პოლიტიკური მოსაზრებები, ან თუნდაც მინიშნება არ ყოფილა. უფრო მეტიც, ორგანიზაციის დასკვნაში მოხსენიებული პირების ნაწილს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. გამოდის, რომ ეს პირები „ფეიქ დამკვირვებლებად“ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მოიხსენიეს, რომ როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები ქვეყანაში იმყოფებოდნენ და აკვირდებოდნენ არჩევნებს. ამას გარდა, გაუგებარია, ქვეყანაში ვიზიტით მყოფი 20-ზე მეტი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 40-მდე დელეგატიდან, მხოლოდ რამდენიმეზე რა ნიშნით და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამახვილდა ყურადღება.

ამასთან,, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების თუ სხვა ინსტიტუციების და ორგანიზაციების წარმომადგენლები. თითოეული მათგანი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებდა სადამკვირვებლო საქმიანობას და ამ ფორმატში რაიმე ტიპის შეფასებისა თუ განცხადების გაკეთებაც მათივე უფლება იყო. შესაბამისად, გაკეთებული განცხადებების გამო, დადებითი იყო ეს თუ კრიტიკული,  მათი „ფეიქ დამკვირვებლებად“ მოხსენიება იმდენად უსაფუძვლოა, რომ  ეს პირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს უშუალოდ ამ პირების და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობად, ისევე როგორც ამ პირებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული არის საქართველოში 4 ოქტომბერს წარმატებით ჩატარებული არჩევნების გადაფარვისა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე მისი დისკრედიტაციის მცდელობა, რაც კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია. მით უფრო იმ ორგანიზაციისგან, რომელიც საერთოდ არ იყო რეგისტრირებული აღნიშნულ არჩევნებზე დამკვირვებლად.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ EPDE-ს ერთ-ერთ წევრ ორგანიზაციას წარმოადგენს ISFED, ორგანიზაცია, რომელმაც 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები საზოგადოებას მანიპულაციურად წარუდგინა. სწორედ ამ ფაქტის შედეგად გათავისუფლდა ISFED-ის მაშინდელი ხელმძღვანელი, რომელიც დღეს, არსებული ინფორმაციის მიხედვით, საქმიანობს EPDE-ში. მიუხედავად აღნიშნული პრეცედენტისა, კვლავაც დაფიქსირდა პარალელური დათვლის შედეგების სანდოობის პრობლემები 2024 წლის არჩევნების დროსაც. ამჯერად ინფორმაცია ისე გავრცელდა, რომ მონაცემები ემთხვეოდა ცესკოს ოფიციალურ შედეგებს, თუმცა თავად შედეგები არ გამოქვეყნებულა. აღნიშნული გარემოებები ბუნებრივია კითხვებს აჩენს EPDE-ს ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე. 

(R)