თბილისი (GBC) - „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ რექტორმა დავით გურგენიძემ პროკურატურას 17 ოქტომბერს მიმართა თხოვნით, დაყადაღდეს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ქონება, "მოკვლევის შემდეგ კი დაუბრუნდეს, რადგან ის წლების წინ მათ ეკუთვნოდათ".
„ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ქონება იყოს დაყადაღებული და დაბრუნებული ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ასევე ვთხოულობთ, რომ ის მიუღებელი მოგება, რომელიც უნივერსიტეტმა მრავალი წლის განმავლობაში, არ მიიღო, იყოს გამოკვლეული და დაუბრუნდეს უნივერსიტეტს, ახალგაზრდებს და პროფესორ-მასწავლებლებს. ზიანი უნდა დადგინდეს, პროკურატურამ ამაზე უნდა ჩაატაროს ექსპერტიზა და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რა ზიანზეა საუბარი. ეს ქონება რომ არ გასხვისდეს და მესამე პირზე არ გადაფორმდეს, ჩვენ სასწრაფოდ დაყადაღებას ვითხოვთ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
პარასკევს, აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძემაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დანარჩენი დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს".
„საქართველოს უნივერსიტეტი“ ბოლო პერიოდია ხელისუფლებისა და პროსახელისუფლებო მედიის თავდასხმის ობიექტია. მას ადანაშაულებენ „ანტისახელმწიფოებრივ ტრენინგების“ ორგანიზებაში, თუმცა, შესაბამისი მტკიცებულებები საზოგადოებისთვის ამ დროისთვის არ არის ცნობილი.
მიმდინარე წლის 30 სექტემბრის დეკლარაციის თანახმად, საქართველოს უნივერსიტეტის 50% ეკუთვნის მანანა სანაძეს, 37.5% - გიული ალასანიას და 12.5% - ნიკოლას ტიმურ ალასანიას.