თბილისი (GBC) - საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, "მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას".
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს, რაც არ არის ევროკავშირი.
„სწორედ ამიტომ, ჩვენი მტკიცე გზავნილია ქართველი ხალხის მიმართ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, თუმცა ვიდრე მთავრობა არასწორ ნაბიჯებს დგამს, არ ვაპირებთ გაგრძელებას მათ კანდიდატობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამაც გააკეთა. მისი თქმით, ის რაც საქართველოში ხდება, არ შეესაბამება ევროპულ გაგებას დემოკრატიასთან და დემოკრატიულ წესებთან დაკავშირებით.
„მე ცოტათი დამწუხრებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რადგან ჩემს ქვეყანაში არის დიდი ემპათია. მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვა შორს არის საქართველოდან, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირები – ემოციური, ისტორიული, ტრადიციული და სამწუხაროა იმის ნახვა, რომ საქართველო კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროკავშირს. ვიდრე ისინი არ გააცნობიერებენ, რომ დემოკრატიის წესები, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული, ვფიქრობ სიტუაცია იქნება ძალიან რთული. ეს იქნება იმედგაცრუების გამომწვევი ქართველი ხალხისთვის, რომელიც ელოდება, რომ ქვეყანა მიაღწევს პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.