თბილისი (GBC) - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) ზუგდიდის აგრარული ბაზარი დააჯარიმა. სეს–ის ცნობით, სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტირების ჯგუფმა, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ზუგდიდში, რუსთაველის ქ. N96 მდებარე აგრარული ბაზარი, შ.პ.ს. "ზუგდიდის სუპერმარკეტი" არაგეგმურად შეამოწმა.

"სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ყველის და ხორცის სარეალიზაციო განყოფილებებში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო (ჰიგიენური ნორმების დარღვევა და არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია) ბიზნესოპერატორი განმეორებითობის პრინციპით 5000 ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს აღნიშნული ობიექტი, სააგენტომ მითითებების შეუსრულებლობის გამო უკვე მეხუთედ დააჯარიმა", - წერს სეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო, აგრარულ ბაზრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 15-01.

სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, შპს ზუგდიდის სუპერმარკეტის დირექტორი გიორგი კანკიაა, რომელიც ასევე ფლობს მის 49%-ს, დანარჩენი წილები კი ასე ნაწილდება: აკაკი ფიფია - 2.7509%, ძაბული-ნონა დგებუაძე - 7.2979%, მანანა ბარძემიშვილი - 28.7525%, ნონა ნიჟარაძე - 12.1987%.