თბილისი (GBC) – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არავისზე ძალადობა არ მოსწონს, არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეებზე. მისივე თქმით, გუშინ, 8 მაისს მომხდარ თავდასხმებზე გამოძიება მყისიერად დაიწყო.

„გუშინ, გამოძიება მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა. გამოძიებას მივყვებით და ვნახავთ რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, ან ეს მოხდა, ან ის მოხდა. თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა დაზიანებები მიიღეს, გამოძიება დაწყებულია“, - განაცხადა გომელაურმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის ნებისმიერი სახის ძალადობას გმობს.

„რა თქმა უნდა, არავის არ მოსწონს ძალადობა, არავისზე ძალადობა არ მომწონს - არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეებზე, რომლებსაც მომიტინგეები ახორციელებდნენ, არც ჟურნალისტებზე და თქვენს კოლეგებზე. მე არ მინახავს თქვენს ეთერში, რაც „პოსტივის“ ჟურნალისტს გაუკეთეს დაგეგმოთ და გამოსულიყავით და გეთქვათ - „ბატონო ვახტანგ, არ გრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ჟურნალისტზე {ზეწოლა იყო}“. მარტო ცალ მხარეს ნუ ხართ. ყველანაირ თავდასხმას ვგმობ!“ - განაცხადა გომელაურმა.

გარდა ამისა, გომელაური „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული 6 პირის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, გამოძიება მიმდინარეობს და თუ გამოიკვეთა სხვა პირებიც, მათი დაკავებაც მოხდა.

„რაც შეეხება დაკავებულებს, იცით, რომ ჩვენ გამოძიება დაწყებული გვაქვს. რაც გამოაშკარავდა ეს 6 ადამიანი, მათი დაკავება მოხდა. სასამართლოში განჩინება ავიღეთ და დავაკავეთ. გამოძიებას ვაგრძელებთ, ძალიან ზღვა კადრებს ვამუშავებთ, ასევე ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, კიდევ თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, მათი დაკავება მოხდება, სხვა პირების“, - აღნიშნა გომელაურმა.

თავდასხმები „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებზე

8 მაისის საღამოს „აგენტების კანონის“ სულ მცირე სამ მოწინააღმდეგეს დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს. ერთ-ერთი მათგანია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გია ჯაფარიძე. მისი ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა ძმამ - ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.

8 მაისის ღამეს ქუჩაში სცემეს „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აქტივისტს, ლაშა ღვინიანიძეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანსაც.

ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია სახისა და ქალა-ტვინის ტრავმებით.