თბილისი (GBC) - „საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ უპასუხა „ტექნიკური უნივერსიტეტის“ რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებას, რომელმაც 17 ოქტომბერს, პროკურატურას მიმართა მოთხოვნით, საქართველოს უნივერსიტეტის შენობას დაედოს ყადაღა. თოფურიას თქმით, სამართლებრივად ამ "საქმეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს". 

უნივერსიტეტის რექტორის განმარტებით, შენობები, რომლებზეც გურგენიძე საუბრობს, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება იყო და ისინი „საქართველოს უნივერსიტეტმა“ აუქციონზე შეიძინა რამდენიმე მილიონად.

„გახსოვთ, ბატონი გურგენიძე ამბობდა, რომ სამართლებრივად ვერაფერს ვერ გავხდებითო, „საქართველოს უნივერსიტეტს“ ყველაფერი კანონიერად აქვს შეძენილი ეკონომიკის სამინისტროდანო. თვითონ გურგენიძე წულუკიანის კომისიაზე ითხოვდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღოთ. რაც შეეხება 1 ლარად შეძენას, ეს არის უტიფარი ტყუილი, რომელიც წლების განმავლობაში მეორდება.

ჩვენ არაერთხელ სასამართლოში გავასაჩივრეთ ეს, თუმცა რეაგირება მას არ ჰქონია. ეს ქონებები, თვითონ გურგენიძეც აღიარებს და მისი პრორექტორი კოპალიანიც, რომ იყო რამდენიმე მილიონად შეძენილი თავის დროზე. როცა საუბრობენ, რომ „ტექნიკურ უნივერსიტეტს“ კაპიკი არ მიუღია, ეს ლოგიკურია, წულუკიანმაც განუმარტა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა ეს ქონებები და შესაბამისად, ფული შეუვიდა ეკონომიკის სამინისტროს. ეს ქონებები იყო არა „ტექნიკური უნივერსიტეტის“ საკუთრება, არამედ ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება. ეს იყო დაუმთავრებელი მშენებლობები, აქ არასდროს „ტექნიკური უნივერსიტეტი“ არ ახორციელებდა სასწავლო საქმიანობას, არც კვლევით საქმიანობას. ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს დაუმთავრებელი მშენებლობები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაყიდა და საქართველოს უნივერსიტეტმა რამდენიმე მილიონად შეიძინა“, – ამბობს თოფურია.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ რექტორმა დავით გურგენიძემ პროკურატურას 17 ოქტომბერს მიმართა თხოვნით, დაყადაღდეს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ქონება, "მოკვლევის შემდეგ კი  დაუბრუნდეს, რადგან ის წლების წინ მათ ეკუთვნოდათ".

პარასკევს, აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძემაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დანარჩენი დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს".

„საქართველოს უნივერსიტეტი“ ბოლო პერიოდია ხელისუფლებისა და პროსახელისუფლებო მედიის თავდასხმის ობიექტია. მას ადანაშაულებენ „ანტისახელმწიფოებრივ ტრენინგების“ ორგანიზებაში, თუმცა, შესაბამისი მტკიცებულებები საზოგადოებისთვის ამ დროისთვის არ არის ცნობილი.

მიმდინარე წლის 30 სექტემბრის დეკლარაციის თანახმად, საქართველოს უნივერსიტეტის 50% ეკუთვნის მანანა სანაძეს, 37.5% - გიული ალასანიას და 12.5% - ნიკოლას ტიმურ ალასანიას.