თბილისი (GBC) – უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე დაწესებული ვეტო მოხსნა, რაც კიევს ევროკავშირში წევრობის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის ახალმა მთავრობამ პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით თანხმობა განაცხადა, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყოს.

მადიარის განცხადებით, ბუდაპეშტი მხარს დაუჭერს კიევის ევროპულ მისწრაფებებს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა გააფართოებს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების უფლებებს. საუბარია ენობრივ, საგანმანათლებლო და კულტურულ გარანტიებზე, რომელთა შესახებ მოლაპარაკებები ბოლო კვირებში ბრიუსელის მონაწილეობით მიმდინარეობდა.

მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს უნგრული სკოლების სისტემის აღდგენას, განათლებაში უნგრული ენის უფრო ფართოდ გამოყენებას და კულტურული უფლებების გაფართოებას ტრანსკარპატიაში მცხოვრები დაახლოებით 100 ათასი ეთნიკური უნგრელისთვის.

მანამდე მადიარი აცხადებდა, რომ უნგრეთი არ დაუჭერდა მხარს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას, თუ არ აღდგებოდა ზაკარპატიაში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების უფლებები. მისი თქმით, ეს საკითხი ბუდაპეშტისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა.

ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უკვე დაუჭირა მხარი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი ეტაპის დაწყებას, რომელიც სამართლის უზენაესობის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ფუნდამენტური უფლებების საკითხებს მოიცავს.

უნგრეთი თითქმის ორი წლის განმავლობაში ბლოკავდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ბუდაპეშტი ამტკიცებდა, რომ უკრაინული კანონმდებლობა ზღუდავდა ქვეყნის დასავლეთში მცხოვრები უნგრული უმცირესობის ენობრივ და საგანმანათლებლო უფლებებს. ევროკავშირში ახალი პოლიტიკური ვითარებისა და ბუდაპეშტსა და კიევს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ეს დაბრკოლება მოიხსნა და ევროკავშირმა უკრაინისა და მოლდოვის წევრობის პროცესი ოფიციალურად გახსნა.