თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სამშაბათს განაცხადა, რომ "შანხაიში იმართება იმპორტის ერთ-ერთი უდიდესი გამოფენა მსოფლიოში, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით სარგებლობს".
ხუციშვილის შეფასებით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის, რომ დაამყარონ შესაბამისი კონტაქტები ჩინურ კომპანიებთან იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს საქართველოს ექსპორტის პოტენციალის გამოყენება ჩინეთში და სხვადასხვა მიმართულებით.
„ზოგადად, ექსპორტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ეკონომიკის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექსპორტი ყოველთვის იყო მამოძრავებელი ძალა და მთავარი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური ზრდის. ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, გააფართოონ ექსპორტის შესაძლებლობები ისეთ დიდ ბაზარზე, როგორიც არის ჩინეთი", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შანხაიში საქართველოდან 5 -კაციან დელეგაცია იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი და სების პრეზიდენტი - ნათია თურნავა.
"ქართული ოცნება" აქტიურად მუშაობს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ჩინეთთან, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გარდა, საქართველოს ასევე 2023 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აკავშირებს.