თბილისი (GBC) – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: "უკრაინაში NATO-ს ჯარების ნებისმიერი დროშის ქვეშ განლაგება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს". შესაბამისად, რუსეთი არ აპირებს, უკრაინის ტერიტორიაზე NATO-ს ჯარების განლაგებას დათანხმდეს.

„არავითარ შემთხვევაში! ჩვენ ამის შესახებ არავინ გვესაუბრება. როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სამშვიდობოების შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია ამის განხილვა, მაგრამ ეს ჩვეულებრივ ყველა მხარის თანხმობას მოითხოვს. რატომ უნდა დავთანხმდეთ სამშვიდობო ძალებს ან ნებისმიერ სამშვიდობო ჯგუფს? მათ სურთ, რომ ასეთი ძალა იმ ქვეყნებისგან შედგებოდეს, რომლებმაც მტრად გამოგვაცხადეს. ისინი იქ ისე ჩავლენ, როგორც სამშვიდობოები?!", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, „დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ომს უკრაინელების მეშვეობით აწარმოებს“.

„თუ NATO-ს გაფართოება ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, ყოველ შემთხვევაში, ტრამპი ამას აღიარებს, მაშინ NATO-ს ჯარების იქ ყოფნა, ნებისმიერი დროშის ქვეშ, ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ იცის, „თუ როგორ არ წავიდეს კომპრომისებზე“.

„ამ კონკრეტული კრიზისის კონტექსტში, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ კომპრომისები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის“, - თქვა ლავროვმა.

სამშაბათს, 11 მარტს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებების შემდეგ კიევმა მიიღო ვაშინგტონის წინადადება, 30 დღით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ, თუ რუსეთი ასევე დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. 30-დღიანი ვადა შეიძლება მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდეს.

საპასუხოდ ვაშინგტონი კიევს დაჰპირდა, რომ დაუყოვნებლივ გააუქმებს სადაზვერვო მონაცემების აკრძალვას და აღადგენს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა გამოდიოდა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით მხოლოდ ჰაერში და ზღვაში, მაგრამ აშშ-ის დელეგაცია დაჟინებით მოითხოვდა ცეცხლის სრულ შეწყვეტას.

გუშინ ასევე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისიც თქვა, რომ ამერიკის დელეგაცია უკრაინის საკითხზე რუსეთის წარმომადგენლებს „დღეს ან ხვალ“ შეხვდება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა ზელენსკი თეთრ სახლში კვლავ მიიწვია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასსთან" კომენტარში კი თქვა, რომ არ გამორიცხავენ კონტაქტს "აშშ-ის წარმომადგენლებთან უახლოეს დღეებში".

აღსანიშნავია ისიც, რომ 11 მარტს, არაბეთის ქალაქ ჯიდაში აშშ-ს და უკრაინის მხარის მოლაპარაკების პარალელურად  სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინსა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორს ჯონ რეტკლიფს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას ინერფაქსი ავრცელებს.

საგარეო დაზვერვის სამსახურის თანახმად, დაზვერვის სამსახურებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს „საერთო ინტერესებისა და კრიზისული სიტუაციების მოგვარების მიმართულებით“.

რუსული მხარე ირწმუნება, რომ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას დაზვერვის სამსახურების დირექტორებს შორის რეგულარული კონტაქტების შენარჩუნებაზე, მათ შორის „მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონფრონტაციის“ შემცირებაზე.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ნარიშკინისა და რეტკლიფის საუბრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

12 მარტს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა, „ამ დღეებში ამერიკელებთან კონტაქტები გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ იქიდან გამოვდივართ, რომ როგორც გუშინ ჯიდაში ითქვა, სახელმწიფო მდივანი რუბიო და მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში უოლცი ამ დღეებში სხვადასხვა არხებით შეგვატყობინებენ მოლაპარაკებების დეტალებსა და მიღწეულ შედეგებს“.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთს არ სურს შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხში მოვლენებს წინ გაუსწროს.

„თქვენ მოვლენებს ცოტათი წინ უსწრებთ, ჩვენ ამის გაკეთება არ გვსურს. პირველ რიგში, აშშ-დან ინფორმაცია უნდა მივიღოთ. ჩვენ ჯიდაში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ყურადღებით ვსწავლობთ და ერთობლივი განცხადების ტექსტს ვეცნობით“, - აღნიშნა პესკოვმა.