თბილისი (GBC) – აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის კულუარებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და აღნიშნა, რომ მას მოგვიანებით, სამშაბათს, კიდევ ერთხელ შეხვდება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს

მანამდე გამოცემა The Kyiv Independent-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ, ტრამპმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამშაბათს, საფრანგეთში მიმდინარე G7-ის სამიტის ფარგლებში, სამმხრივი შეხვედრა გამართეს.

კითხვაზე, გეგმავდა თუ არა ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრას, თეთრი სახლის ლიდერმა უპასუხა: „ერთი შეხვედრა უკვე მქონდა“. მან დასძინა, რომ ეს იყო „ძალიან კარგი შეხვედრა“.

„რუსეთმა შეთანხმება უნდა გააფორმოს. რუსეთმა უამრავი ადამიანი დაკარგა, ისევე როგორც უკრაინამ“, - განაცხადა ტრამპმა.

ამის შემდეგ მან დაამატა: „მე მას დღეს მოგვიანებით კიდევ შევხვდები“, რითაც, სავარაუდოდ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიდევ ერთ შეხვედრაზე მიანიშნა.

ოფიციალურად, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ მაკრონმა ზელენსკისთან მოკლე ორმხრივი შეხვედრა G7-ის სამიტის მთავარ სესიამდე გამართა.