თბილისი (GBC) – იტალიურმა ბანკმა Unicredit, რომელიც რუსეთის ბაზარზე მომუშავე ერთ–ერთი ბოლო დასავლური საფინანსო ინსტიტუტია, განაცხადა რომ ქვეყანაში ბიზნესს ევროპის ცენტრალური ბანკის ზეწოლით წყვეტს.

ბანკის რუსული შვილობილი უნიკრედიტბანკი 2025 წლიდან რუსეთის ბაზარზე მნიშვნელოვნად შეამცირებს სერვისებს, წერს სააგენტო Reuters იტალიური საბანკო ჯგუფის 6 თვის ანგარიშზე დაყრდნობით.

Unicredit–ის გეგმის თანახმად, ტრანსსასაზღვრო გადარიცხვები, რომლებსაც ბანკი რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიებისთვის SWIFT–ის არხებით ახორციელებს, ომამდელ მაჩვენებელზე სამჯერ ნაკლები უნდა გახდეს – 8,5 მლრდ ევრო, ხოლო რუსეთში გაცემული კრედიტების მოცულობა 85%–ით – 1 მლრდ ევრომდე უნდა შემცირდეს.

გარდა ამისა, ბანკი ოთხმაგად შეამცირებს რუსი კლიენტების დეპოზიტების მოცულობას: მომავალ წელს ბანკში რუსი ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სახსრები ჯამურად 2 მლრდ ევროს არ უნდა აღემატებოდეს.