თბილისი (GBC) - საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ფიქსირდება. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ჰაერი ყველაზე დაბინძურებული თელავსა და რუსთავშია.

კერძოდ ქალაქ თბილისში აღმაშენებლის გამზირზე  94.25PM10 მკგ/მ3-ია აღნიშნული მაჩვენებელი 50-დან ზემოთ უკვე ცუდ ხარისხად ითვლება და 51.26 PM2.5 მკგ/მ3,  ამ შემთხვევაში კი 50-ზე ზემოთ მაჩვენებელი  უკვე ძალიან ცუდ ხარისხად ითვლება.

ქალაქ თელავში კვირიკე დიდის ქუჩაზე 60.25PM10 მკგ/მ3-ია, და 50.95 PM2.5 მკგ/მ3.

ქალაქ რუსთავში ბათუმის ქუჩაზე მაჩვენებლები  73.60PM10 მკგ/მ3-ია 52.09PM2.5 მკგ/მ3-ია.

PM დამბინძურებლები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებია, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით. მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით ძირითადად ორი ჯგუფად იყოფა PM10 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები < 10 მკ-ზე)და PM2. 5 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები < 2.5 მკ-ზე).

აღნიშნულ მცირე ნაწილაკებს რამდენიმე წყარო აქვს ესაა: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამბინძურებლების ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად. საქართველოსთვის მყარი ნაწილაკების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. კერძოდ, ე.წ. აფრიკის მტვერი, რომელიც ძირითადად საჰარის უდაბნოს მტვრის, ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებას უკავშირდება. მსგავსი მტვრის შტორმი ხშირად ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან.

რაც შეეხება ჯანმრთელობაზე ზეგავლენას, აღნიშნულმა ნაწილაკებმა სასუნთქი სისტემისა და თვალების გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს.