თბილისი (GBC) - 15 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 111 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის, 47 ათას ტონამდე რქაწითელი, 53 ათას ტონამდე საფერავი. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, გადამუშავებული საფერავის რაოდენობა 2-ჯერ აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ჭარბი მოსავლის პირობებში საფერავის დროული დაბინავებისა და მისი ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე 1.50-ზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას 1.50-სა და მიღებულ საფასურს შორის.

ამასთან ერთად, მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარს გადაუხდის.

შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20-მდე ლოკაციაზე იბარებს.

ამ ეტაპისთვის მოსავალი უკვე 9300-მა ვენახე ფერმერმა დააბინავა, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 225 ღვინის კომპანია და მარანი.

ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 12-13 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს რომ რთველი აქტიურ ფაზაშია.

2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს.