თბილისი (GBC) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გერმანიის საავიაციო ჯგუფის „ლუფტანზას“ გენერალურ მენეჯერთან ბერნჰარდ ვოდლთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გერმანული ჯგუფის მიერ კიდევ უფრო მეტი რეგულარული რეისის შესრულების საკითხი განიხილეს. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ლუფჰანზას“ ჯგუფი მიმდინარე წელს გაზრდის რეგულარული რეისების განხორციელებას საქართველოს მიმართულებით. კერძოდ, თუკი დღემდე ჯგუფი ოპერირებდა კვირაში 7 სიხშირით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ფრენებს 18 სიხშირით შეასრულებს -  რეისები განხორციელდება გერმანიის და ავსტრიის 5 ქალაქიდან (ბერლინი, ვენა, მიუნჰენი,  დიუსელდორფი, შტუტგარტი).

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ევროკავშირის ქვეყნებთან მეტი პირდაპირი რეისის განხორციელების ხელშეწყობა მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა. მისივე თქმით, გაზრდილი სიხშირეები გაზრდის საქართველოს აეროპორტების გამტარუნარიანობას და მიმდინარე წელს ხელს შეუწყობს მეტი ევროპელი ტურისტის შემოსვლას საქართველოში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მხარეებს შორის სამომავლოდ გაგრძელდება ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც დადებითად აისახება საქართველოში ევროპელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზე.