თბილისი (GBC) – თბილისში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება პარასკევს, 27 სექტემბერს გაიხსნა. საქართველო პირველად მასპინძლობს მსოფლიო ტურიზმის დღეს. მსოფლიო ტურიზმის დღის 2024 წლის თემაა „ტურიზმი და მშვიდობა“. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. ამასთან, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი, რომელმაც იმედი გამოთქვა საქართველოსთან ერთად მუშაობის.
„მშვიდობა არის საფუძველი მოგზაურებისთვის, ტურისტებისთვის და გვინდა, რომ მშვიდობიანი სამყარო და მსოფლიო არსებობდეს მომავალ წელსაც, როდესაც მსოფლიო ტურიზმის დღეს ჩავატარებთ“, - ამის შესახებ საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა აჰმედ ალ ხატეებმა მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა აღნიშნა, ტურისტების რაოდენობის ზრდა კარგია, რადგან მთლიან შიდა პროდუქტზე გავლენას ახდენს.
„დღეს 10 პროცენტი არის ჩვენი წვლილი მსოფლიო ეკონომიკურ მოცემულობაში და 8-9 პროცენტი - დასაქმებაში, ასეა როგორც საუდის არაბეთში, ასევე სხვაგან. ჩვენ ვართ ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, მაგრამ დღეს ეკონომიკის დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით. ჩვენ ნავთობის ძალიან დიდი რეზერვები გვაქვს და სხვა სფეროებშიც გვინდა განვითარება, მათ შორის ტურიზმში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მიღებისთვის ამ ულამაზეს დედაქალაქ თბილისში, იმედი გვაქვს, რომ საქართველოსთან ერთად ვიმუშავებთ“, - განაცხადა აჰმედ ალ ხატეებმა.
მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოს 40 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300-ზე მეტი დელეგატი ეწვია, მათ შორის: ესპანეთიდან, ხორვატიიდან, კვიპროსიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, მონტენეგროდან, რუმინეთიდან, შვეიცარიიდან, ინდონეზიიდან, საუდის არაბეთიდან, გვატემალიდან, უზბეკეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.