თბილისი (GBC) - ბუნებრივი ღვინის მოყვარულებს 2 დეკემბერს ქალაქი წყალტუბო უმასპინძლებს

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ საზოგადოებას ბუნებრივი ღვინის ფესტივალ ამერიმერზე იწვევს. 2 დეკემბერს, წყალტუბოში (სასტუმრო Legends Tskaltubo Spa Resort-ი).

 ღონისძიება 2023 წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება  და სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაყენებულ ღვინოებს შესთავაზებს. ფესტივალში, მონაწილეობას მიიღებს ათეულობით მცირე მარანი, რომლებიც ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრები არიან და ღვინოს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი მეღვინეობის წესების სრული დაცვით აყენებენ.

ბუნებრივი ღვინის საიდუმლო ორგანული წესების დაცვით მოვლილი ვენახებშია, სადაც არ გამოიყენება ჰერბიციდები, სისტემური პრეპარატები და მინერალური სასუქები, რაც შემდგომში უარყოფით ზეგავლენას ახდენს ღვინოზე. სწორედ ამ მაქსიმალურად სუფთა ნედლეულისგან აყენებენ ღვინოს ასოციაციის წევრები, რომლებიც მარანში პრინციპულად არ იყენებენ ისეთ დამხმარე საშუალებებს და მეთოდებს, როგორიცაა: სელექციური საფუარი, გამწებავი საშუალებები, პასტერიზაცია, ღვინის მჟავები, ტანინები თუ სხვა მსგავსი ინდუსტრიული დანამატები.