თბილისი (GBC) – აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების შესაძლო ჩაშლა უკიდურესად ნეგატიურ შედეგს გამოიღებს ირანისთვის, „ეს ქვეყანა დიდ საფრთხეში ჩავარდება“.

„ვფიქრობ, თუ ირანთან მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, ქვეყანა დიდ საფრთხეში აღმოჩნდება“, – თქვა მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მზადაა თუ არა აშშ თეირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის.

„არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ძალიან ცუდი დღე დაუდგება ირანს“, – დასძინა ტრამპმა.

ამერიკის ლიდერმა ცალსახა პასუხი არ გასცა ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, ნიშნავს თუ არა მისი სიტყვები, რომ აშშ მზადაა ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმისათვის. „ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი... მორჩა და გათავდა“, – გაიმეორა ტრამპმა. „დღეს არის ქვეყნები, რომლებსაც ბირთვული ძლევამოსილება გააჩნიათ და რომლებსაც ეს არ უნდა ჰქონდეთ. დარწმუნებული ვარ, ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწევთ... მოგვიანებით“, – აღნიშნა ვაშინგტონის ადმინისტრაციის მეთაურმა.

ამასობაში, The New York Times–ის ჟურნალისტი ფარნაზ ფასიხი სამ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის და აშშ–ის წარმომადგენლებს მორის მოლაპარაკებები ომანში შესაძლოა 12 აპრილს შეხვდნენ. „სამმა ირანელმა მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის ირანი და აშშ შეხვედრას შაბათს ომანში გეგმავენ. ირანმა აშშ–ს განუცხადა, რომ ის ღიაა და მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, თუ პირველი რაუნდი წარმატებით ჩაივლის. ეს კი პოზიციების აშკარა ცვლილებაზე მიანიშნებს“, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში X.

ჟურნალისტს წყაროებმა განუმარტეს, რომ ეს არ იქნება პირდაპირი მოლაპარაკებები. მათი თქმით, დელეგაციები ცალკე კაბინეტებში ისხდებიან, ხოლო ომანელი დიპლომატები მათ ერთმანეთის შეტყობინებებს გადასცემენ. ირანელებმა განმარტეს, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ომანის შეხვედრა წარმატებით ჩაივლის.