თბილისი (GBC) – აზერბაიჯანი თურქეთის ბაზარზე ყოველწლიურად 1,5 მლნ ლიტრი ღვინისა და ფერმენტირებული ალკოჰოლიანი სასმლის შეტანას შეძლებს საბაჟო გადასახადის გარეშე. ამის შესახებ შეღავათიანი ვაჭრობის შესახებ ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ შეთანხმებაშია ნათქვამი, რომლის რატიფიცირებაც თურქეთის პარლამენტმა უკვე დაასრულა.

შეთანხმება ძალაში 10 წლის განმავლობაში დარჩება. დოკუმენტის თანახმად, თურქეთი აზერბაიჯანისგან ნულოვანი საბაჟო გადასახადით შეიძენს თუთას, კომშს, ფოლადის პროდუქციას და შესაფუთ მასალებს, ასევე ღვინოს და ფერმენტირებულ ალკოჰოლურ სასმელებს. თავის მხრივ, აზერბაიჯანი თურქეთისგან საშეღავათო პირობებით შეიძენს სარეცხ მანქანებს, მონიტორებს, ვიდეორეგისტრატორებს, ალუმინს და ავტომობილების სათადარიგო ნაწილებს.

აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის პრეფერენციული ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 2023 წლის აპრილში ქალაქ სამსუნში გაფორმდა.