თბილისი (GBC) – საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ბულგარეთის მთავრობებს შორის ელექტროენერგიის სახმელეთო სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ.

ისი თქმით, ახალი ინიციატივა საქართველოს კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს მისცემს რეგიონულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში და ქვეყანას სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

„საქართველო ამით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავის ძალიან მნიშვნელოვან ლოკაციას, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს. ეს უზრუნველყოფს საქართველოს გავლით ნებისმიერი დაინტერესებული ქვეყნის, პირველ რიგში, ჩვენი მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგიის ევროპაში მოხვედრას“, – განაცხადა ფხალაძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელობა საქართველოს ევროპულ ენერგეტიკულ სისტემასთან პირდაპირი კავშირის შექმნაა. მისი თქმით, გეოგრაფიული მდებარეობის გამო ქვეყანას ასეთი პირდაპირი ენერგეტიკული კავშირი ევროპასთან აქამდე არ ჰქონია.

ფხალაძის განცხადებით, პროექტი საქართველოსთვის მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციით არ შემოიფარგლება და ქვეყანას საკუთარი ელექტროენერგიის ევროპულ ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობასაც მისცემს.

„ეკონომიკურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივაა, ვინაიდან ტრანზიტის გარდა, ჩვენივე წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტსაც განვახორციელებთ. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნესს და ქვეყანაში ენერგეტიკული განვითარების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველო შეძლებს აზერბაიჯანისა და სხვა რეგიონული მწარმოებლების ელექტროენერგიის ევროპისკენ სახმელეთო ტრანზიტში მონაწილეობას, პარალელურად კი საკუთარი გენერაციის ექსპორტისთვის დამატებით არხს მიიღებს.