თბილისი (GBC) – საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის დამაკავშირებელი ახალი ოთხზოლიანი ავტომაგისტრალების მშენებლობის საერთაშორისო ტენდერის ვადა 10 დღით გაახანგრძლივა.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტენდერი 7 ივლისს გამოცხადდა და წინადადებების წარდგენის თავდაპირველ ვადად 14 აგვისტო იყო განსაზღვრული. ახალი ვადის მიხედვით, მონაწილეებს წინადადებების წარდგენა 24 აგვისტომდე შეეძლებათ.

პროექტის საერთო ღირებულება 250 მლნ ევროს შეადგენს. მისი დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხით განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთო ჯამში 61.3 კილომეტრის სიგრძის ახალი ოთხზოლიანი ავტომაგისტრალების მშენებლობა.

ახალი გზები რუსთავიდან დაიწყება და ორი მიმართულებით, წითელი ხიდისა და სადახლოსკენ გაივლის.