თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ მიმდინარე წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით თქვა, რომ "ბიუჯეტის შესრულებას დღეის მდგომარეობით არანაირი შეფერხება არ აქვს და პირიქით, გადაჭარბებით არის შესრულებული. ნებისმიერი მცდელობა წარმოაჩინონ თითქოს ბიუჯეტში რაიმე პრობლემატურია, მხოლოდ დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეგნებულად მოტყუებაა".

მისი თქმით, გაკეთდა აბსურდული განცხადებები, თითქოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კომპანიებს გადასახადების წინასწარ გადახდას სთხოვს.

„მოვისმინეთ აბსურდული განცხადებები, თითქოს, შემოსავლების სამსახური სთხოვს კომპანიებს, რომ წინასწარ გადაიხადონ გადასახადები, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია. მსგავსი რამ  ვერ მოხდება. რაც „სხვა გადასახადების" შესრულებაზე შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ხელფასთან ერთად კომპანიები იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რომელიც ხვდება თავდაპირველად „სხვა გადასახადებში" და უკვე მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში. ეს ყველა კომპანიამ კარგად იცის, ამიტომ არ მგონია მსგავსი განცხადებები მიზანმიმართული დეზინფორმაციის გარდა რამე სხვას ემსახურებოდეს. რაც შეეხება ზოგადად, რაც გადასახადებში დანაკლისი გვაქვს - რეალურად ერთადერთია აქციზი, რასაც, რა თქმა უნდა, თავისი ახსნა აქვს. ვინაიდან წელს თამბაქოსთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები შევიდა ძალაში, ვერ მოხდა იმ რაოდენობის თამბაქოს იმპორტი, რაც გასული წლების პირველ კვარტალში. ამასთანავე, კომპანიებს ჰქონდათ გარკვეული მარაგები. შესაბამისად, ეს დანაკლისი აქციზში, რაც გვაქვს უკვე მომდევნო თვეებში და მომდევნო კვარტალებში იქნება სრულად აღმოფხვრილი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.