თბილისი (GBC) - სებსტატის მონაცემებით, 2025 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $317.4 მლნ შეადგინა, რაც 11.6%-ით ($33.1 მლნ-ით) მეტია 2024 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში გადმორიცხულია თითქმის $1,4 მლრდ.
სების მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.1%-ს შეადგენს, შესაბამისი $140.1 მლნ-ით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში, ხოლო ჯამური წლიური ზრდის ტემპი 16%-ით განისაზღვრა.
ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, 25.2%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ $59.1 მლნ შეადგინა.
კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, მაისში წლიურად 9.2%-ით შემცირდა და $43.7 მლნ შეადგინა.
2025 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ $35.2 მლნ (₾96.5 მლნ) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის მაისის ($30.1 მლნ) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.8% მეტია.