თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-მ (TBC PLC) დივიდენდის განაწილების გეგმის შესაბამისად, ₾/£ კურსი განსაზღვრა, რომელიც სებ-ის მიერ განსაზღვრული 9-13 ივნისის, 5-დღიანი ოფიციალური კურსის საშუალო მაჩვენებლით დაანგარიშდა. 

კერძოდ, TBC PLC თითო ჩვეულებრივ აქციაზე საბოლოო დივიდენდს, ₾5.5-ს 3.6965 კურსით აანაზღაურებს (₾/£).

ყოველწლიურ შეხვედრის დროს, ჯგუფის მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი ხმის უფლების მქონე და მაშასადამე, დივიდენდის მიმღები აქციების რაოდენობა 56 211 873 ერთეულით განისაზღვრა. შესაბამისად, ჯგუფი საერთო ჯამში დივიდენდის სახით, £84.39 მლნ-ს (₾311.98 მლნ) გადაიხდის.

აქციონერებმა ყოველწლიურ საერთო კრებაზე (AGM) 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული ფინანსური წლისთვის საბოლოო დივიდენდის გაცემა ხმათა 100%-ით  დაამტკიცეს. ჯგუფი დივიდენდს 2025 წლის 11 ივლისს, იმ აქციონერთათვის გადაიხდის, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ კომპანიის წევრთა რეესტრში ლონდონის დროით 2025 წლის 6 ივნისის მდგომარეობით.