თბილისი (GBC) - „კრისტალის“ გენერალურმა დირექტორმა ილია რევიამ ოთხშაბათს "ბიზნესპარტნიორის" ეთერში თქვა, რომ მიკრობანკი სრულფასოვან საბანკო პროდუქტებს 16 ივნისიდან გაუშვებს. მისივე თქმით, მიკრობანკად გარდაქმნის შემდეგ „კრისტალი“ მიკრო ბიზნესთან ერთად მცირე ბიზნესის სეგმენტშიც გეგმავს შესვლას.

ილია რევიას თქმით, მიკრობანკის სტატუსი კომპანიას ლარში დეპოზიტების მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს, რაც, მისივე თქმით, „კრისტალს“ საკრედიტო რესურსს გაუიაფებს და ლარში დაკრედიტების პირობებში მისი მომხმარებლები სავალუტო რისკებსაც აიცილებენ. 

მიკრობანკის გენერალურმა დირექტორმა ლიზინგზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსის ქვეშ შეზღუდული იყო ამ მიმართულებით და მაქსიმუმ 100 000 ლარის გაცემა შეეძლო, მიკრობანკის პირობებში ეს მოცულობა გაუათმაგდათ და მილიონ ლარს აღწევს. 

რევიას თქმით, კრისტალი მიკრომეწარმეების სეგმენტს შეინარჩუნებს, თუმცა ეტაპობრივად შედის მცირე მეწარმეობის და მცირე ბიზნესის სეგმენტში, სადაც მიკრობანკს დიდი პერსპექტივა ეშლება. 

მიკრობანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ეს არის: დაფინანსების დივერსიფიკაცია, ადგილობრივი წყაროები, ადგილობრივი დეპოზიტები ლარში, საინვესტიციო პროდუქტები ლარში. "ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და ერთ-ერთ სისუსტეს წარმოადგენდა ხოლმე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, დაფინანსების სიძვირე, იმიტომ, რომ იძულებულები იყვნენ ბანკებისთვის მიემართათ ან საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის", – განმარტა რევიამ. 

მიკრობანკის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მათი საბანკო პროდუქტები საკმაოდ მოქნილია იმისათვის, რომ საფინანსო ბაზარზე კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს და გაფართოვდეს.

"ჩვენ გამოვირჩეოდით მოქნილობით, სწორად ვაფასებდით არაფორმალური ან ნახევრად ფორმალური შემოსავლის წყაროებზე დამოკიდებული მიკრომეწარმეების რისკებს და, შესაბამისად, ვითვალისწინებდით მათ შემოსავლებს, საკრედიტო რისკის შეფასებისას და გადაწყვეტილების მიღებისას. ეს ცხადია, კიდევ უფრო გრძელდება და ძლიერდება ეს მიმართულება და არა მგონია, რომ აქ ბანკებსაც სხვა ტიპის პირობები შეიძლება ჰქონდეთ, რადგან რეალურად ეს ყველაფერი დარეგულირებულია საერთო დებულებით", - თქვა რევიამ.

„კრისტალმა“ მიკრობანკის სტატუსი ეროვნული ბანკისგან 2025 წლის თებერვალში მიიღო და მას შემდეგ გარდამავალი პერიოდი ჰქონდა გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც, რევიას თქმით, ბანკის გუნდმა 95 სხვადასხვა სირთულის პროექტი განახორციელეს.