თბილისი (GBC) - სავალუტო დაკრედიტების 1 მილიონიანი ზღვარი, რომელიც ბაზარს უშორეს წარსულში ესახებოდა, თვალის დახამხამებაში, უახლეს მომავლად კი არა ლამის აწმყოდ ექცა.
სავალუტო დაკრედიტების ახლადგაზრდილ ზღვრულ მაჩვენებელს (750 000) მილიონამდე 250 000 აშორებს.
საბანკო სექტორი დაკრედიტების გააქტიურებას ელის. საინვესტიციო ბანკირების ანალიზით, რეგულაცია პირიქით იმუშავებს, ბაზარს უფრო გამოაცოცხლებს, მ.შ. შენელებულ დეველოპერულ სექტორს. მოლოდინის რეჟიმში გადასული, ბიზნესი & კლიენტი, რომელიც სესხის აღებას აპირებს, მაგრამ არ ჩქარობს, აჩქარდება. რომ 1 აგვისტომდე მოასწროს (ზღვრის აწევამდე).
სებ-ი ყოველ კვლევით პუბლიკაციში, მ.შ, მონეტარული პოლიტიკის დოკუმენტში, მუდმივად აღნიშნავს, რომ ბაზარს აკვირდება და გადაწყვეტილებას, რეგულაციის გამკაცრება-შემსუბუქება იქნება თუ მპ განაკვეთის გაზრდა-შემცირება, ამის მიხედვით ადგენს. შესაბამისად არ გამორჩებოდა ზღვრის ყოველ აწევამდე ბაზრის აჟიოტაჟური ქცევა.
დეკემბერში სავალუტო სესხების გაცემები პიკზე აღმოჩნდა, რატომ? იმიტომ, რომ იანვრიდან ზღვარი იზრდებოდა.
წინასაახალწლო პერიოდი ისედაც აქტიური თვეა, განსაკუთრებით უძრავი ქონების ბაზრის აქტივობით, თუმცა ზღვარმაც იმოქმედა.
სებ-ის სტატისტიკით დეკემბერში (2024) 2.4 მლრდ ლარის ეკვივალენტი სავალუტო სესხი გაიცა. წინა და შემდგომ თვეებში (ნოემბერი, იანვარი) შესაბამისად 1.5 მლრდ-ის და 1.13 მლრდ ლარის ეკვივალენტი დოლარსა და ევროში.
04/2024-04/2025-ის პერიოდის (13 თვე) გაცემები 20.5 მლრდ ლარია (ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში). თვის გაცემები -1.4 – 1.7 მლრდ ლარის ფარგლებშია, თუ პიკურ დეკემბერს გამოვრიცხავთ, 2.4 მილიარდით.
ახალმა ზღვარმა, სებ-ის მოლოდინით, სავალუტო დაკრედიტება $150 მილიონით უნდა შეამციროს, რეგულატორის წინა ნაბიჯი ( 500 000 მდე გაზრდა) წლიური გაცემების $100 მლნ-ზე მეტით კლებაზე, იმის წინა (400 000) კი $180 მლნ-ით შეკვეცაზე იყო გათვლილი.
საბანკო ასოციაციის ანაილიტიკური დირექტორი დავით რუსია მოერიდა საზოგადოებისთვის ლარის 30 წლის იუბილეზე საზეიმო განწყობის გაფუჭებას.
საზმაუზე სტუმრობისას აღარ უთქვამს, რეგულაცია ლარის სესხებსაც რომ გადაეცემა, რაც სტანდარტულად სასესხო განაკვეთების აწევაში გამოიხატება ხოლმე. შემოგვთავაზა სასიამოვნო ცვლილების მოლოდინი გავიხანგრძლივოთ.
„მოდით ვისურვოთ მხოლოდ და მხოლოდ კარგი. დავაკვირდეთ ზაფხულის პერიოდს. რა ფინანსური შემოდინებები იქნება, როგორ აისახება ლარის მსყიდველ უნარიანობაზე“, - რუსიამ სესხების დოლარიზაციის 42/43%-იან კოეფიციენტზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ხანგრძოლივი პერიოდის განმავლობაში ჯიუტად ინარჩუნებს პოზიციას და 41%-ზე ჩამოსვლა ძალიან უჭირს.
მისი მოლოდინით, თუ ბანკებს გრძელი ლარის ახალი წყარო არ შეეშველა, კიეფიციენტს კიდევ დიდ ხანს გაუჭირდება ადგილიდან დაძვრა.
ახალი წყაროს გაჩენა კი მისი თქმით, მხოლოდ სებ-ს და ფინანსთა სამინისტროს შეუძლია და კიდევ არის ერთი, უშრეტი არა, მაგრამ მოცულობითიც არის და გრძელიც. რუსია დაგროვებით საპენსიო ფონდის თანხებს გულისხმობს, ჩვენ ფულს, რომელიც პოტენციურმა მსესხებლებმა ბანკებს უნდა ვასესხოთ, რომ ბანკებმა შემდეგ ჩვენ გვასესხონ ოპტიმალური განაკვეთით. თუ საპენსიოს კრიტერიუმებს მივყვებით, ფონდმა 14 პროცენტად მაინც უნდა გაასესხოს, რადგან ფონდიც მოგებაზეა ორიენტირებული (ლარის ობლიგაციებში ინვესტირებისას 13%-ინ ზღვარს უყურებდა და ამ ნიშნით არჩევდა სასესხო ობლიგაციების ყიდვას).
იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ბანკებს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრიდან ვალუტის მოზიდვა 4-5%-ად (აშშ დოლარში) და 3-3.5%-ად (ევროში) ხელეწიფება, ლარი მაინც უფრო ძვირი გამოდის.
საბანკო ასოციაცია დაბალანსების შესაძლებლობას პროცენტის თანადაფინანსებაში ხედავს. დამფინანსებელი კი ან სებ-ი უნდა იყოს ან ფინანსთა სამინისტრო, ან ორიოვე ერთად.
წყარო: BRG