თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, საქართველოს პარლამენტში 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საანგარიშო წელს ინფლაცია კვლავ სტაბილურად დაბალ დონეზე შენარჩუნდა და საშუალოდ 1.1 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაცია კი, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის მაღალი მერყეობით გამორჩეულ ფასებს გამორიცხავს, საშუალოდ 1.6 პროცენტი იყო.

მისივე თქმით, დაბალინფლაციური გარემო ძირითადად შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან მომდინარეობდა.

აღნიშნა, რომ სების ადეკვატური მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ფასების სტაბილურობა უზრუნველყოფილია, ინფლაციური მოლოდინები კი მიზნობრივის ფარგლებშია.

გარდა ამისა, ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალის გაუმჯობესებამ ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი გარკვეულწილად შეარბილა.

დამატებით, 2024 წელს ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი შედარებით მყარ პოზიციაზე შენარჩუნდა, რაც დაბალი ინფლაციის ხელშემწყობი იყო

თურნავას განცხადებით, ინფლაციური მოლოდინების დასტაბილურების კვალდაკვალ, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია დაიწყო და განაკვეთი 2024 წლის პირველ ნახევარში 1.5 პროცენტული პუნქტით, 8.0 პროცენტამდე შეამცირა. თუმცა წლის მეორე ნახევრიდან, გლობალურად გაზრდილი რისკების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა ფრთხილი მიდგომა აირჩია და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა.

https://streaming.parliament.ge/parl01/2025-06-11T14:35:09+04:00