თბილისი (GBC) - სებ-მა სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრა სსფ-ს  კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC) მისიის ფარგლებში შედგა

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სომეხ კოლეგებს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, გაეცნენ სომხეთის ცენტრალურ ბანკში არსებულ პრაქტიკას ამ მიმართულებით.

პარალელურად, სებ-ის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სომეხ კოლეგებთან განიხილეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული კორპორაციული მართვის მარეგულირებელი ჩარჩო და შესაბამისი საზედამხედველო პრაქტიკა.

აღინიშნა, რომ ეს შეხვედრები ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის პარტნიორობის გაღრმავებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ორივე მხარის მიერ ეფექტიანი საზედამხედველო და სარეზოლუციო მექანიზმების განვითარებას შეუწყობს ხელს.