თბილისი (GBC) – “გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ” მსოფლიო ბანკის (WB) უახლესი ანგარიშის თანახმად, გლობალური რეცესიების პირდაპირი გავლენის მიღმა, სავაჭრო ურთიერთობების დაძაბვა და პოლიტიკის გაურკვევლობა, მსოფლიოში ეკონომიკურ ზრდას წელს, სავარაუდოდ, 2008 წლის შემდეგ უმცირეს მაჩვენებლამდე შეანელებს.
აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა მსოფლიო ბანკის მიერ ზრდის პროგნოზების შემცირება ქვეყნების თითქმის 70%-სთვის - ყველა რეგიონის და შემოსავლის ჯგუფების მასშტაბით.
WB-ს პროგნოზით, გლობალური ზრდა 2025 წელს, სავარაუდოდ, 2.3%-ით დაიკლებს, რაც ნახევარი პროცენტული ერთეულით დაბალია წლის დასაწყისში ნავარაუდებ მაჩვენებელთან შედარებით. გლობალური ვარდნა მოსალოდნელი არ არის. თუმცა, შემდეგი ორი წლის პროგნოზების გამართლების შემთხვევაში, საშუალო ეკონომიკური ზრდა 2020-იანი წლების პირველ შვიდ წელიწადში უმცირესი იქნება 1960-იანი წლების მომდევნო ნებისმიერ ათწლეულთან შედარებით, - აღნიშნავს IFI.
“აზიის რეგიონის გამოკლებით, განვითარებადი სამყარო განვითარებისგან თავისუფალ ზონად გარდაიქმნება,” - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ინდერმით გილმა. მისივე თქმით: “ეკონომიკური ზრდა განვითარებად ქვეყნებში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში კლებით გამოირჩეოდა, 2000-იან წლებში არსებული 6%-დან 2010-იან წლებში 5%-მდე და 2020-იან წლებში კი 4%-მდე ჩამოვიდა. აღნიშნული მიჰყვება გლობალური ვაჭრობის ტრაექტორიას, რომლის ზრდაც 2000-იან წლებში არსებული საშუალო 5%-დან დაახლოებით 4.5%-მდე დაეცა 2010-იან წლებში, ხოლო 2020-იან წლებში 3%-ზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა. ასევე შენელდა ინვესტიციების ზრდაც, მაშინ როცა ვალმა რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია.”
საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზით, წელს განვითარებადი ქვეყნების თითქმის 60%-სთვის მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შემცირება საშუალოდ 3.8%-მდე, სანამ ეს მაჩვენებელი 2026 და 2027 წლების განმავლობაში 3.9%-ს მიაღწევს. აღნიშნული ნახევარი პროცენტული ერთეულით დაბალია 2010-იანი წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.
დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა წელს, სავარაუდოდ, 5.3% იქნება, რაც 2025 წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით 0.4 პ.პ-ით ნაკლებია. ტარიფების ზრდა და შრომის ბაზარზე არსებული შეზღუდულობა ასევე განაპირობებს აღმავალ ზეწოლას გლობალურ ინფლაციაზე, რომელიც 2025 წლისთვის პროგნოზირებული 2.9%-ით ინარჩუნებს პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით მაღალ დონეს.
მსოფლიო ბანკი ასევე ელის, რომ ეკონომიკური ზრდის შენელება შეაფერხებს განვითარებადი ქვეყნების წინსვლას სამუშაო ადგილების შექმნის, უკიდურესი სიღარიბის შემცირებისა და განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ერთ სულზე შემოსავლების უთანასწორობის შემცირების მიმართულებით. განვითარებად ქვეყნებში ერთ სულზე შემოსავლების ზრდა, სავარაუდოდ, 2.9% იქნება 2025 წელს, რაც 1.1 პ.პ-ით ნაკლებია 2000 და 2019 წლებს შორის არსებულ საშუალო მაჩვენებელზე. თუ დავუშვებთ, რომ განვითარებადი ქვეყნები, ჩინეთის გარდა, შეძლებენ მშპ-ის 4%- იანი საერთო ზრდის შენარჩუნებას (რაც 2027 წლის პროგნოზია), მსოფლიო ბანკის თქმით, მათ დაახლოებით ორი ათწლეული დასჭირდებათ ეკონომიკური წარმადობის პანდემიამდელ ტრაექტორიაზე დასაბრუნებლად.