თბილისი (GBC) – ბოჭორიშვილი ამბობს, რომ "საქართველო ბოლო პერიოდში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევების ღია მცდელობების თვალსაჩინო მაგალითი გახდა". მან ამის შესახებ ეუთოს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პარტია "ქართული ოცნების" მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშნული მაკა ბოჭორიშვილის თქმით, "მიუღებელია ზოგიერთი აქტორის მხრიდან ეუთოს ინსტიტუტების პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობები".

ბოჭორიშვილის აზრით, საქართველო ბოლო პერიოდში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევების ღია მცდელობების თვალსაჩინო მაგალითი გახდა.

"ხშირად ვხედავთ ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების არასწორად გამოყენების მცდელობებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სწორედ იმ ფუძემდებლურ პრინციპებთან, რასაც ეფუძნება საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვაც უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების ვალი", - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა. 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არის ეუთოს და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და იგივე მოლოდინი აქვს თავისი პარტნიორების მხრიდანაც.

"ხელისუფლებას არაერთხელ დაუდასტურებია საკუთარი ნდობა ეუთო-სადმი. ამის ნათელი მაგალითი გახლდათ ეუთო/ოდირის მოწვევა, გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და მისიის საქმიანობის განხორციელებისთვის მაქსიმალური ხელის შეწყობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოდირის რეკომენდაციები და მზად ვართ თანამშრომლობა გავაგრძელოთ მათ შესასრულებლად", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილმა სინირლიოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისიც განაცხადა, რომ ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრება და აქვე დასძინა, რომ "აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რუსეთის მხრიდან კვლავ ირღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა".

ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს გულწრფელი სურვილია ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

"მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და აღვნიშნავ, რომ საქართველო მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებასა და თანამშრომლობაში. მოხარული ვარ, რომ, გასულ კვირას, თბილისმა უმასპინძლა სამმხრივ შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პირველი შეხვედრა თბილისში და იმედი მაქვს, ამ ფორმატში შევძლებთ თანამშრომლობას რეგიონის კეთილდღეობისთვის", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.