თბილისი (GBC) - საქართველოს ვიზიტით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ეუთოს გენერალური მდივანი დღეს, 22 აპრილს, პარტია "ქართული ოცნების" მიერ საგარეო საქმეთა მინისტრს პოსტზე დანიშნულ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც ბოჭორიშვილი და ფერიდუნ სინირლიოღლუ პრესასთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

„ასევე, დაგეგმილია ეუთოს გენერალური მდივნის შეხვედრა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

ვიზიტის ფარგლებში, ფერიდუნ სინირლიოღლუ, ასევე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.