თბილისი (GBC) - ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამჯერად, ცენტრალური საარჩევნო კომისია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით რეგიონულ შეხვედრებში იღებს მონაწილეობას, რომელიც პროექტის - „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები - იდეიდან ცვლილებამდე“ ფარგლებში მიმდინარეობს.

25 ივნისს, ფორუმის პირველ დღეს, ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა. მან მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობასა და არჩევნების ისტორიაზე, ასევე ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

გიორგი შარაბიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციაზე, როგორც საარჩევნო პროცესის გლობალურ გამოწვევაზე და ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე.

პროექტის ფარგლებში ოთხი რეგიონული შეხვედრა გაიმართება და მასში  სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მიერ, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

(R)