თბილისი (GBC) - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ორგანიზაციამ 15 საერთაშორისო მექანიზმს წერილობითი კომუნიკაციით მიმართა. კომუნიკაცია შეეხება საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებულ რეპრესიულ კანონებს – „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“ და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, „რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების საარსებო სივრცეს ავიწროებს და „ქართული ოცნების” მიერ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს”.

„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის” ბუნდოვანი და ფართო ნორმები ქართულ ოცნებას შესაძლებლობას აძლევს იგი თვითნებურად, დევნის ინსტრუმენტად გამოიყენოს. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერი განმარტების შემთხვევაში, კანონი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე არ უნდა გავრცელდეს, „ქართული ოცნების” რიტორიკა და კანონის განმარტებითი ბარათი ცხადყოფს, რომ მმართველი პარტია მიზნად ისახავს იგი ბოროტად გამოიყენოს და სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ იარაღად აქციოს.

„ქართული ოცნება” ხშირად აღნიშნავს, რომ საქართველოში მიღებული კანონი ამერიკული FARA-ს თარგმანია, თუმცა, ამერიკული FARA, გამოიყენება ლობისტურ საქმიანობასთან მიმართებით და არ ვრცელდება ისეთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ და აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა საკითხზე ადვოკატირებაში.

ამასთან, ქართულმა ოცნებამ „გრანტების შესახებ“ კანონში, შეიტანა ცვლილებები, რომლის რომლის მიხედვითაც იკრძალება მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება, რაც დამატებით მექანიზმს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ”, – აღნიშნავს საია.

ორგანიზაციის განცხადებით, კომუნიკაცია ყურადღებას ამახვილებს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივების მიღება ხდება ადამიანის უფლებების უმძიმესი კრიზისის ფონზე.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, კომუნიკაციაში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც კანონების განმარტებასა და აღსრულებაზე არიან პასუხისმგებელი, მოკლებული არიან დამოუკიდებლობას და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და მიტაცებულები არიან მმართველი პარტიის მიერ.

კომუნიკაცია ადრესატებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ქართულ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას.

კომუნიკაციის ადრესატები არიან:

  • ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი
  • გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი
  • გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტი
  • გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებების კომიტეტი
  • გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი
  • გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი
  • გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი
  • გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამებისა და სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის საკითხზე
  • გაეროს სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხზე
  • გაეროს სპეციალური მომხსენებელი გამოხატვის თავისუფლების საკითხზე
  • გაეროს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებების დამცველთა საკითხზე
  • გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოსამართლეთა და ადვოკატთა დამოუკიდებლობის საკითხზე
  • გაეროს სპეციალური მომხსენებელი თვითნებური დასჯის საკითხზე
  • გაეროს სპეციალური მომხსენებელი პირადი ცხოვრების დაცვის საკითხებზე
  • ეუთოს სამდივნო