თბილისი (GBC) – ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მსოფლიოში მედიის თავისუფლების 2025 წლის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით მკვეთრად გაუარესდა და ქვეყანამ 180 ქვეყანას შორის, 103-ე ადგილიდან 114-ე ადგილზე გადაინაცვლა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს ჩარევა საქართველოში მედიის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას ძირს უთხრის და  ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო კვლავ მტრული რჩება.

„უცხოური გავლენის“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღება ჟურნალისტების მარგინალიზებას ახდენს, ცენზურის ქვეშ აქცევს  და ამცირებს მათ სივრცეს და სიტყვის თავისუფლებას", - ვკითხულობთ RSF-ის დოკუმენტში.

ანგარიში ასევე განიხილავს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს უპასუხოს მედიას, რომელიც მას აკრიტიკებს და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, რეიდებს, ცილისწამების კამპანიებსა და დაშინებას.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო ახალ და "სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს" განიცდის 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული ფართოდ სადავო საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ, რამაც ქვეყანა რეპრესიულ გარემოსა და საერთაშორისო იზოლაციაში ჩააგდო.

"ეს გარემო ხელს უწყობს სატელევიზიო ქსელების კონტროლისთვის მუდმივ კონკურენციას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიასაშუალებების ფლობას უკრძალავს, დიდი ქსელები, როგორც წესი, იცავენ თავიანთი მფლობელების ინტერესებს, რომლებსაც ხშირად მჭიდრო კავშირები აქვთ პოლიტიკურ ლიდერებთან. იგივე ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მედიას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ძლიერი ჩარევის ობიექტია. ამავდროულად, ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს უპასუხოს მედიას, რომელიც მათ აკრიტიკებს და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, რეიდებს, ცილისწამების კამპანიებსა და დაშინებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

RSF ასევე აცხადებს, რომ ხშირია ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის, მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიების დროს.

2021 წლის ივლისში ჰომოფობიური კონტრდემონსტრაციების დროს, გულგრილი უსაფრთხოების ძალების თვალწინ, დაახლოებით 50 რეპორტიორზე განხორციელებული ხანგრძლივი და სასტიკი თავდასხმა უპრეცედენტო უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. გამოძიების გამჭვირვალობისა და პროგრესის არ არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი პირები დაუსჯელობით სარგებლობენ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

საკანონმდებლო ჩარჩოს შეფასების დროს, ორგანიზაციაში იმასაც აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც წარმოადგენს აუცილებელ პირობას ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების დასაწყებად.

შეფასებულია ეკონომიკური კონტექსტიც და აღნიშნულია, რომ სუსტად განვითარებული სარეკლამო ბაზარი კიდევ უფრო სუსტდება როგორც ბეჭდურ, ისე ონლაინ მედიებში – ანგარიშში ხაზგასმულია, რომ კერძო მედიასაშუალებების ისედაც რთული ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა „უცხოური გავლენის“ კანონით.