თბილისი (GBC) - სააგენტო Bloomberg წერს, რომ აშშ-ის სენატორისა და პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ლინდსი გრემის თქმით, 72 სენატორი მზადაა, მხარი დაუჭიროს ინიციატივას, რომელიც რუსეთს ახალ "დამანგრეველ" სანქციებს, იმ ქვეყნებს კი, რომლებიც რუსულ ნავთობს, გაზსა და სხვა პროდუქტებს ყიდულობენ, ტარიფებს დაუწესებს. გამოცემა წერს, რომ სანქციები მოიცავს 500-პროცენტიან გადასახადს იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსულ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, ბუნებრივ აირსა და ურანს ყიდულობენ. 

სანქციები ასევე აუკრძალავს აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთის სუვერენული ვალის შეძენას.

ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ ახალი კანონპროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დასახმარებლადაა განკუთვნილი.

„მან თავისი იმედგაცრუება გამოთქვა. მე ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით, საპატიო და სამართლიანი გზით მსურს. ვფიქრობ, ტრამპი ამის მისაღწევად საუკეთესო ადამიანია, მაგრამ ეს სანქციები ასახავს იმ შეხედულებას, რომ სენატი რუსეთს მთავარ დამნაშავედ მიიჩნევს“, – განაცხადა ლინდსი გრემმა.

ამერიკელმა სენატორმა დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „უზარმაზარ შეცდომას უშვებს ტრამპთან თამაშით, ამიტომ ეს კანონპროექტი პრეზიდენტის არსენალში არსებული იარაღია“.

კანონპროექტით გათვალისწინებული ტარიფები, სავარაუდოდ, საქართველოზეც გავრცელდება, რადგან რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, რუსეთზე საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 10.8% მოდის.

ამასთან, 2024 წელს საქართველოში რუსეთიდან $519.5 მლნ-ის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა. ნავთობის აირებისა და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების იმპორტმა კი $180.9 მლნ შეადგინა.