თბილისი (GBC) – უკრაინის წიაღისეულზე გაფორმებული შეთანხმების თანახმად, აშშ რესურსების შესყიდვაზე პრიორიტეტულ პოზიციას ირგებს, ან თავად შეარჩევს ამ რესურსების მყიდველს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს–სამსახურში განაცხადეს.

თეთრი სახლის პრეს–რელიზში არის პუნქტი: აშშ–ის პრიორიტეტული უფლება, შეიძინოს უკრაინის რესურსები.

„თუ აშშ ამ რესურსების თავისთვის შეძენას გადაწყვეტს, ჩვენ უპირატესი არჩევანის უფლება გვაქვს: ან ვიყიდით მას, ან სხვა მყიდველს ჩვენი შეხედულებისამებრ შევარჩევთ. ეს მნიშვნელოვანია, რათა თავი დავიზღვიოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი რესურსების უცხო ხელში მოხვედრისგან“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

უკრაინული გამოცემა „უნიანი“ აღნიშნავს, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საიტზე შეთანხმების სრული ტექსტია ატვირთული, რომელშიც ნამდვილად არის მითითებული, რომ უკრაინის წიაღისეულის მოპოვებაზე გაცემული ყველა ახალი ლიცენზია უნდა შეიცავდეს პუნქტს, რომელიც ლიცენზიის მფლობელს ავალდებულებს, მოპოვებული ნედლეული აშშ–ს მიჰყიდოს, თუ ის ამას მოისურვებს. თუმცა აქვე მითითებულია, რომ გაყიდვები საბაზრო პირობებით განხორციელდება. შეთანხმების ტექსტი ასევე შეიცავს პუნქტს იმის შესახებ, რომ ახალი ლიცენზიები შეიძლება შეიცავდეს შეზღუდვებს, რესურსების სხვა კონტრაგენტებისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით. თუმცა, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ გამოქვეყნებულ შეთანხმების ტექსტში არაფერია ნათქვამი აშშ–ის უფლებასთან დაკავშირებით, თავად განსაზღვროს სხვა მყიდველი.

აშშ–სა და უკრაინას შორის უკრაინული წიაღისეულის მოპოვებაში ერთობლივი ინვესტიციების შესახებ შეთანხმება 1–ელ მაისს გაფორმდა. ამის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ, რომელიც მთავარი მომლაპარაკებელი იყო უკრაინის მხრიდან ამ პროცესში და რომლის ხელმოწერაც არის დაფიქსირებული შეთანხმების ტექსტზე, განაცხადა, რომ უკრაინა სრულად ინარჩუნებს საკუთრებას წიაღისეულზე და თავად განსაზღვრავს, სად და როდის მოხდება ამა თუ იმ ნედლეულის მოპოვება. ასევე იქმნება საინვესტიციო ფონდი, რომლის მფლობელები აშშ და უკრაინა თანაბარი წილებით იქნებიან – 50/50. ამ ფონდში გადამწყვეტი ხმა არც ერთ მხარეს არ ექნება. შეთანხმება უკრაინას არავითარ ახალ ვალებს არ აკისრებს, ხოლო ფონდი უკრაინაში ნედლეულის მოპოვებაზე გაცემული ყოველი ახალი ლიცენზიიდან საფასურის 50%–ს მიიღებს. ფონდში აკუმულირებული კაპიტალი უკრაინაში განსახორციელებელ პროექტებს მოხმარდება. ტექსტში არ არის დაზუსტებული, როგორ შეიტანს ფონდში თავის წილს აშშ. ფონდის შემოსავლები და შენატანები არც უკრაინაში და არც აშშ–ში არ ექვემდებარება დაბეგვრას.