თბილისი (GBC) - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროსთვის თანხების გამოყოფის შესახებ, რომელიც ჯამში იქნება $2 მლნ-ის ეკვივალენტი აზერბაიჯანული მანათი. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს დაევალა დაფინანსების უზრუნველყოფა, ხოლო მინისტრთა კაბინეტს - ამ ბრძანებიდან გამომდინარე საკითხების მოგვარება.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესაში მდებარე აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ ნავთობის ბაზაზე და ბუნებრივი აირის გადასატუმბ სადგურზე, იერიშები 6 და 8 აგვისტოს მიიტანეს. ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ ტრანსბალკანური დერეფნის გავლით მიიღო ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან.
10 აგვისტოს ალიევთან დაახლოებული ტელეგრამის არხები წერდნენ, რომ "აზერბაიჯანმა შესაძლოა, უკრაინაში შეიარაღების გაგზავნაზე დაწესებული ემბარგო მოხსნას".
კერძოდ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შესაძლოა, გააუქმოს საკუთარი მარაგებიდან უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე დაწესებული აკრძალვა, თუ რუსეთი გააგრძელებს სარაკეტო დარტყმებს უკრაინაში მდებარე აზერბაიჯანულ ობიექტებზე.
მანამდე, 10 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკიმ ალიევს და აზერბაიჯანელ ხალხს მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მონაწილეობით სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა.
ზელენსკიმ და ალიევმა განიხილეს შეერთებულ შტატებთან და ევროპის ქვეყნებთან კომუნიკაცია და მთავარი პრინციპები, რომლებსაც მშვიდობის მოახლოება შეუძლია და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხები.