თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 9 აპრილს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა დაინტერესებულია და აშშ-ს უკვე წარუდგინა წინადადება, "30-50 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის დიდი პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით".

„დამატებით პაკეტთან დაკავშირებით, გვსურს და მზად ვართ და ამერიკულ მხარეს გადავეცით დიდი პაკეტი, რომლის ყიდვაც გვსურს. ყიდვა ამა თუ იმ ფორმით. ახალი პაკეტი უფასოდ არ გვითხოვია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა იარაღის შეძენის შესაძლებლობას უსაფრთხოების გარანტიადაც კი განიხილავს.

„მოგვეცით პაკეტი, ჩვენ გადავიხდით", - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ეს პაკეტი, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვას და სხვა შესაბამის კომპონენტებს, ნამდვილად სჭირდება უკრაინას.

"ეს არის ის, რასაც დავეყრდნობით, როგორც უსაფრთხოების გარანტიას. ასეა ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული. როდესაც იქნება შეთანხმება, გადავიხდით - ფონდში გადავირიცხავთ, ან თუ გსურთ, პირდაპირ თქვენ გადაგიხდით. ჩვენთვის სულერთია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იკითხა, რამდენი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება უკრაინას.

„ტელეფონზე ვუთხარი, ათი მაინც მოგვეცით მეთქი. ეს დაცვაა, ეს ომის დასრულების შემდეგ დაგვეხმარება, ეს უსაფრთხოების გარანტიაა, რომ უკრაინა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით იქნება დაცული. არსებობს მრავალი სხვადასხვა ფორმატი და ინსტრუმენტი, რომლისთვისაც მზად ვართ. მზად ვიყავით, შესაბამისი პაკეტისთვის 30 და 50 მილიარდი მოგვეძიებინა“, - აღნიშნა გუშინ ზელენსკიმ.