თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პ.პ.-ით გაიზარდა და 14.7% შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე 2020-2025 წლებში, კვარტალების მიხედვით.
2025 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 5.3 ათასი კაცით (0.6%) და 958.3 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 13.5 ათასით შემცირდა (3%) და 434.7 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 10.8 ათასით (4.7%) და 239.4 ათასი შეადგინა.
2025 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პ.პ.-ით შემცირდა და 54.8%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე შემცირდა 0.5 პ.პ.-ით და 46.8% შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე როგორც ქალაქის ისე სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.2 პ.პ.-ით.
დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1 პ.პ.-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1 პ.პ.-ით და შესაბამისად 47.8%-ს და 45.3%-ს შეადგენს
2025 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.8 პ.პ.-ით გაიზარდა და 68.8% შეადგინა.
2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.4 პ.პ.-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.6 პ.პ.-ით.
საქსტატის მონაცემებით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 0.5 პ.პ.-ით არის გაზრდილი ქალებში, ხოლო კაცებში - 0.7 პ.პ.-ით და შესაბამისად 11.6%-ს და 17%-ს შეადგენს.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2025 წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.4%-ს, ხოლო კაცებში 66.5%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0.6 პ.პ.-ით, ხოლო კაცებში არ შეცვლილა.
2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე შემცირებულია ქალებში 0.8 პ.პ.-ით, ხოლო კაცებში – 0.4 პ.პ.-ით.